პარასკევი, 22.09.2017, 05:50
Welcome სტუმარი

THIS.UCOZ.RU

[ New messages · Members · Forum rules · Search · RSS ]
Page 1 of 11
ფორუმი » ზოგადი განყოფილებები » მედიცინა » ქართული მედიცინის ისტორია... (ქართული მედიცინის ისტორია...)
ქართული მედიცინის ისტორია...
ninchoDate: ოთხშაბათი, 09.04.2008, 18:46 | Message # 1
Генерал-полковник
Group: ადმინი
Messages: 50
Reputation: 1
Status: OFFLINE
ქართველ ერს უძველესი თვითმყოფადი სამედიცინო კულტურა და ტრადიციები გააჩნია. საქართველოში, ამ უძველესი კულტურის ქვეყანაში, სამედიცინო ხელოვნება ყოველთვის ეპოქის მოთხოვნილებათა დონეზე ყოფილა და ჩვენს ქვეყანას უაღრესად მრავალფეროვანი სამედიცინო კულტურა ჩამოუყალიბებია. ქართველი ერის ისტორიული განვითარების ნამდვილი სურათის წარმოდგენა შეუძლებელი იქნებოდა ქართული მედიცინის ისტორიის გარეშე, რომელიც მოიცავს ყველა საზოგადოებრივ ფორმაციას უძველესი დროიდან დღემდე.

ანტიკური ხანის ქართულმა მედიცინამ წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო მედიცინის ისტორიაში. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ სიტყვა მედიცინა დაკავშირებულია კოლხეთის ლეგენდარული მეფის, აიეტის ქალიშვილის, მედეას სახელთან, რომელიც თავისი ეპოქის სახელგანთქმულ მკურნალად ითვლება .

პირველყოფილი ადამიანების საცხოვრებლებისა და იარაღების შესწავლა ადასტურებს უკვე ძვ. წ. აღრიცხვის მესამე ათასწლეულში საქართველოში სამკურნალო საქმიანობის ჩანასახის არსებობას.

სამედიცინო საქმიანობის შესახებ გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ისტორიულ-ეთნოგრაფიული და მითოლოგიური მასალის გაცნობა-შესწავლა. პირველყოფილი თემური წყობილების მედიცინა არ იყო მოკლებული რაციონალურ საფუძველს, რასაც გათხრების გარდა ადასტურებს ქართული ფოლკლორის უძველესი ნიმუშები, კერძოდ, "ამირანიანი" და "ხოგაის მინდია".

აპოლონიოს როდოსელის "არგონავტიკასა" და საერთოდ კოლხეთსა და მედეაზე არსებულ ბერძნულ-რომაულ თქმულებებსა და მხატვრულ-ისტორიულ ნაწარმოებებში ასახულია ქართულ მედიცინასთან დაკავშირებული მთელი რიგი მომენტები. მათი შესწავლა, ცალკეული ფრაგმენტების ანალიზი ქართული მედიცინის ისტორიის ამ შორეული საუკუნეების გარკვეულ სურათს ქმნიან. კოლხიდა ისეთ ქვეყნადაა დასურათებული, სადაც სამედიცინო საქმიანობა და ცოდნა ემყარებოდა ახალ აღმოჩენებს, ცდებს, მცენარეთა სამკურნალო თვისებათა გამოვლინებას, შხამებსა და სამკურნალო საშუალებებზე დაკვირვებას. ლეგენდაში მედეა წარმოდგენილია, როგორც უაღრესად განსწავლული სამკურნალო ხელოვნებაში. ბერძნული წყაროების მიხედვით, მედეას დედამ და დამ ასწავლეს მკურნალობის ხელოვნება. აიეტის ცოლის ჰეკატეს ბაღში, რომელიც მდ. ფაზისის დაბლობში ყოფილა გაშენებული 40-მდე სამკურნალო მცენარე მოჰყავდათ. მედეას სახელს უკავშირებენ ისეთ სამედიცინო-ბიოლოგიური ცნებებს, როგორიცაა "გაახალგაზრდავება" და "სისხლის გადასხმა". ევრიპიდეს ტრაგედიის მიხედვით, მედეა უშვილობის მკურნალადაც გვევლინება. მედეას სახელთან დაკავშირებელი სამედიცინო საქმიანობა მსოფლიო მედიცინის ისტორიაში ცნობილია "CURA MEDIANA"- ს სახელწოდებით, რაც ასევე იმაზე მიუთითებს, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ეს იდეები ჩაისახა, სამედიცინო-პრაქტიკული საქმიანობა არ შეიძლება მაღალ დონეზე არ მდგარიყო.

არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნია მრავალრიცხოვანი, საკმაოდ დახვეწილი ქირურგიული ინსტრუმენტი, დიდი ხელოვნებით შესრულებული მდიდრული ნაკეთობანი გველის გამოსახულებით, რომლებსაც ქირურგიული მანიპულაციებისა და ჰიგიენური დანიშნულებისათვის იყენებდნენ, ბრინჯაოსაგან დამზადებული სხვადასხვა სამედიცინო ტექნიკური საშუალებები, რომლებიც თავის დროზე წამლის მოსამზადებელი კომპონენტების შესანახად ყოფილა განკუთვნილი და სხვ. არქეოლოგიური მასალების რენტგენოლოგიურმა შესწავლამ გამოავლინა დაავადებებისა და ტრავმული დაზიანებების შედეგად პათოლოგიურად შეცვლილი და ნამკურნალევი ძვლები, ტრეპანაციული თავის ქალები შემდგომი შეხორცებებით, რაც ერთხელ კიდევ მიუთითებს თემური წყობილების დროინდელ საქართველოში საკმაოდ მაღალ სამედიცინო კულტურაზე.

როგორც ირკვევა, საქართველოში მინერალურ წყლებს სამკურნალო მიზნით ჯერ კიდევ მონათმფლობელური წყობილების (ძვ.წ.აღ.VI საუკ. და ახ. წ. აღ.V საუკ.) დროს იყენებდნენ, რასაც ადასტურებს ბორჯომში აღმოჩენილი უძველესი აბაზანის ნაშთები, აგრეთვე არმაზის აბანო, რომელიც სამკურნალო მინერალური წყლებით მარაგდებოდა. ამავე პერიოდს (ძვ. წ. აღ. III-IV საუკ.) მიეკუთვნება ახალციხეში მიკვლეული წამლის შუშა მალამოთი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქსნის ხეობის, კლდეეთის, არმაზის, ურეკის, ვანის სამაროვნებში (ძვ. წ. აღ. II - IV საუკ.) აღმოჩენილი ნივთების, აგრეთვე კომუნალურ ნაგებობათა და სანიტარულ-ჰიგიენური ტექნიკის ნაშთების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ ეპოქაში მოსახლეობის ცხოვრების მაღალ დონეზე და , შესაბამისად, მაღალ ჰიგიენურ კულტურაზე.

ქართული მედიცინის საკითხებზე მეტად საინტერესო მასალას იძლევა ქართული ჰაგიოგრაფია. კერძოდ: V საუკუნეში იაკობ ცურტაველის მიერ შექმნილ ისტორიულ-ჰაგიოგრაფიული ხასიათის ძეგლი "შუშანიკის წამება" და VI საუკუნის ნაწარმოები "წმინდა ნინოს ცხოვრება". საქართველოში წმინდა ნინომ უმთავრესად მკურნალობით მოიხვეჭა სახელი. ამ ძეგლებიდან ირკვევა, რომ ამ დროს არსებობდნენ “მეცნიერნი კურნებისა”, “ხელოვანი მკურნალნი”, რომლებიც ავადმყოფს ყოველმხრივ სწავლობდნენ (“და შეისწავეს იგი ყოველთა...”), ცდილობდნენ სამკურნალო საშუალებათა სათანადოდ ძიება-შერჩევას, აღიარებდნენ დაავადებათა ეტიოპათოგენეზში გარემო პირობების, გეოგრაფიული და კლიმატური ფაქტორების მნიშვნელობას, აღნიშნავდნენ შრომისა და კვების ჰიგიენური ნორმების ცოდნის აუცილებლობას.

ამავე პერიოდს მიეკუთვნება პეტრე იბერიელის მოღვაწეობა და მის მიერ პალესტინაში, ხოლო დედოფალ ბაკურდახტის მიერ კი საქართველოში საავადმყოფოების დაარსება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საეკლესიო და საერო მედიცინა ყოველთვის ერთმანეთს ავსებდნენ და ისე იყვნენ ერთმანეთთან გადაჯაჭვულნი, რომ მათი ცალკე გამოყოფა თითქმის შეუძლებელია.

ადრეფეოდალური ხანის (VI-X საუკ.) პირველი საუკუნეებიდანვე აღინიშნებოდა სამედიცინო მომსახურების ის ძირითადი ფორმები, რომლებიც დამახასიათებელია, საერთოდ, ფეოდალური ფორმაციისათვს, კერძოდ, მოხუცთა და უძლურთა თავშესაფრები, საავადმყოფოები, სამედიცინო-კულტურული კერები სამეფო და სავაჭრო ქალაქებში, დიდ ფეოდალთა სარეზიდენციო ქალაქებსა და საეკლესიო-კულტურულ ცენტრებში. ქართული საავადმყოფოები არსებობდა ჯერ კიდევ V საუკუნიდან როგორც საქართველოს, ისე მის ფარგლებს გარეთ. ხანძთასა და საერთოდ ტაო-კლარჯეთის მონასტრების კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი საექიმო საქმიანობას ეკავა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფის - ეპიფანეს საექიმო მოღვაწეობა. პრაქტიკული საქმიანობის გარდა აქ მნიშვნელოვან სამედიცინო-ლიტერატურულ და მთარგმნელობით მუშაობასაც ეწეოდნენ. მაგ. ხანძთის სავანეებში: იშხანსა და შატბერდში თარგმნეს ანატომიურ-ფიზიოლოგიური ტრაქტატი “კაცისა შესაქმე”, რომელიც მნიშვნელოვანი მასალაა ძველი ქართული სამედიცინო-ფიზიოლოგიური აზროვნების შესწავლისათვის.

ამ პერიოდში ასევე აღსანიშნავია საბაწმინდის (იერუსალიმი) ქართველთა ლავრისა დახანძთის სავანეების საექიმო საქმიანობა, ილარიონ ქართველისა და სირიელ მამათა საექიმო მოღვაწეობა.

მკურნალთათვის განკუთვნილ სახელმძღვანელოებში იმ დროისათვის საოცარი სიზუსტითა და სიღრმითაა გადმოცემული ფიზიოლოგიის მეტად რთული საკითხები, მოცემულია ანატომიურ-ფიზიოლოგიური და, საერთოდ, მდიდარი სამედიცინო ტერმინოლოგია, აღნიშნულია სრული ანამნეზის მიღების აუცილებლობა, განხილულია ავადმყოფის მიღებასთან დაკავშირებული ეთიკის საკითხები და სხვ., რაც იმაზე მიუთითებს, რომ VI-X საუკუნეებში ქართული მედიცინა საკმაოდ მტკიცე ეროვნულ ნიადაგზე მდგარა.

განვითარებული ფეოდალიზმის (XI - XIX საუკ. 50-იანი წლები) მედიცინის ისტორია იწყება კლასიკური პერიოდით, რომელიც გამოირჩევა საექიმო-პრაქტიკული საქმიანობის, სამედიცინო აზროვნებისა და სამედიცინო ლიტერატურის განვითარებით, პროფესიული მედიცინის ჩამოყალიბებით, სამედიცინო დაწესებულებების ინტენსიური მშენებლობით. ლიტერატურულ წყაროებში აშკარად ჩანს დიფერენცირებულად წარმოდგენილი პროფესიული მედიცინა: ქირურგი (ჯარა), თერაპევტი (აქიმი) და მეანი, იგრძნობა როგორც საეკლესიო-სამონასტრო, ისე სამოქალაქო-პროფესიული მედიცინის განვითარება. საავადმყოფოები იქმნებოდა როგორც ქალაქებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებში, ისე მონასტრებთან, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთაც. განსაკუთრებით ცნობილი იყო საექიმო საქმიანობით ათონის ივერთა მონასტერი. XI საუკუნიდან მოყოლებული, იქ რამდენიმე საავადმყოფო შეიქმნა, მათ შორის სპეციალიზებული საავადმყოფო კეთროვანთათვის–ლეპროზორიუმი. მონასტრის ხელმძღვანელი ექვთიმე ჩორჩანელი-ხურსიძე იყო საექიმო საქმისა და საავადმყოფოთა მშენებლობის ორგანიზატორი. ამ პერიოდს ეკუთვნის პეტრიწონისა და გელათის მონასტრებთან საავადმყოფოების აშენება, ვარძიის აფთიაქისა და ვანისქვაბის მონასტრის სასნეულოს დაარსება. ამ პერიოდის მთარგმნელობითი ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლებია ეფრემ მცირეს მიერ თარგმნილი იოანე დამასკელის "გარდმოცემაი" და იოანე პეტრიწონელის მიერ ბერძნულიდან თარგმნილი "ბუნებისათვის კაცთა", რომლებმაც დიდი სამსახური გაუწიეს ქართული ბიოლოგიური აზროვნების განვითარებას. ქართული მედიცინის ისტორიის კლასიკური პერიოდის ბრწყინვალე ძეგლებადაა აღიარებული სამედიცინო პრაქტიკული ხასიათის ძეგლები ქანანელის “უსწორო კარაბადინი” (XI საუკ.) და ხოჯაყოფილის “წიგნი სააქიმოი” (XIII საუკ.), რომლებიც იმ დროისათვის ღრმა მეცნიერული აზრითა და მედიცინის ზოგადი და პრაქტიკული საკითხების გაშუქებით მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლებად შეიძლება ჩაითვალოს. აღნიშნულ ძეგლებში იმ დროისათვის საოცარი სიზუსტითაა მოცემული ანატომიურ-ფიზიოლოგიური, პროფილაქტიკური, ჰიგიენური, კლინიკურ-დიაგნოსტიკური, დიეტეტიკური და მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები.

XIII - XV საუკუნეებში გამუდმებული შემოსევების შედეგად საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიური და კულტური ცხოვრების დაკნინებასთან ერთად მოისპო და განადგურდა ბევრი სამედიცინო კერა და მედიცინის ისტორიაში, ისევე როგორც ქვეყნის ისტორიაში ეს ეპოქა დაცემის პერიოდის სახელწოდებით შევიდა.

აღდგენის პერიოდში (XVI - XVIII საუკ.) პოლიტიკურ-საზოგადოებრივი და ეკონომიური ცხოვრების გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო სამედიცინო მოღვაწეობის აღდგენასა და განვითარებას. ქართველ ფეოდალთა შეწირულობებით კვლავ ანახლებენ საექიმო საქმიანობას ათონის ივერთა მონასტერში. კერძოდ, აშენდა წმ. გიორგის საავადმყოფოს ახალი შენობა, ხოლო 1610 წელს-წმინდა მოდესტის საავადმყოფო, აგრეთვე ლეპროზორიუმი. აღსანიშნავია, რომ ერეკლე მეორე დიდ ყურადღებას აქცევდა სამედიცინო საქმის განვითარებას, მფარველობდა კათოლიკე მისიონერებსა და ხელს უწყობდა მათ საექიმო საქმიანობას, იწვევდა უცხოეთიდან, კერძოდ კონსტანტინეპოლიდან გამოცდილ ექიმებს.

აღორძინების პერიოდის უმნიშვნელოვანეს სამედიცინო ძეგლს მიეკუთვნება ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ”სამკურნალო წიგნი-კარაბადინი”, რომელშიც საოცარი სიზუსტითაა განხილული მედიცინის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული საკითხები და რაც მთავარია, მის ძირითად ლიტერატურულ წყაროდ ძველი ქართული სამედიცინო ძეგლები უნდა მივიჩნიოთ. ასევე აღნიშვნის ღირსია დავით ბატონიშვილის ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომი "იადიგარ დაუდი", რომელიც მაშინდელი მედიცინის თითქმის ყველა ძირითად საკითხს ეხება. ამავე პერიოდს განეკუთვნება სულხან საბა ორბელიანის მოღვაწეობა. მისი ცნობილი ლექსიკონი მოიცავს 50-მდე ანატომიურ-ფიზიოლოგიურ ტერმინს, დაავადებათა 160-მდე სახელწოდებას, დაავადების სიმპტომთა აღმნიშვნელ 40-მდე სიტყვას, 140-მდე სამკურნალო მცენარის დასახელებას. "სიბრძნე სიცრუისა" და "სწავლანი" ეხება ბევრ ისეთ საკითხს, რომელიც საკუთრივ სამედიცინო წყაროებში არ გვხვდება და საშუალებას იძლევა გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ იმდროინდელი მედიცინის შესახებ. "მოგზაურობა ევროპაში" გადმოგვცემს იმ დიდ ინტერესს, რაც საბას გამოუჩენია სამედიცინო დაწესებულებების მიმართ ევროპაში მოგზაურობის დროს. აღსანიშნავია სულხან საბა ორბელიანის აღზრდილის, მეცნიერებისა და კულტურის დიდი ქომაგის, მეფე ვახტანგ VI -ის "სამედიცინო პარაგრაფები". ვახტანგის ღვაწლითა და მზრუნველობით შემორჩა ქართულ კულტურას ქართული მედიცინის უძვირფასესი ძეგლი ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ”სამკურნალო წიგნი -კარაბადინი”

XVI, განსაკუთრებით კი XVII საუკუნიდან ქართულ მედიცინაში აშკარად იგრძნობა ევროპული მედიცინის გავლენა ტერმინოლოგიის, დიაგნოსტიკის, მკურნლობის მეთოდების და სხვ. მხრივ, თუმცა აღდგენის პერიოდი უმთავრესად მაინც ძველი ქართული მედიცინის განახლების, ძველი ქართული სამედიცინო აზროვნების აღდგენის ხანად გვევლინება.

ქართული მედიცინის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია იოანე და დავით ბაგრატიონების სამედიცინო-ლიტერატურული მოღვაწეობა, კერძოდ, დავით ბაგრატიონის “სამკურნალო რეცეპტები”, "შემოკლებული ფსიქიკა", და იოანე ბაგრატიონის დიდი ენციკლოპედიური ნაშრომი "კალმასობა", რომელიც შეიცავს სამედიცინო ხასიათის ტექსტებს. მის კალამსვე ეკუთვნის რეფორმების -"სჯულდების" პროექტი, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამედიცინო ხასიათის ღონისძიებებს, კერძოდ, სამშობიაროს მოწყობის საკითხს.

XIX საუკუნის ქართული მედიცინა ხასიათდება სამედიცინო-სანიტარიული მომსახურების ორგანიზაციისა და სააფთიაქო საქმის განვითარებით, ეპიდემიების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებით, საკურორტო-ბალნეოლოგიური რესურსების ათვისება-გამოყენებით, ხალხური მედიცინის ტრადიციების გაგრძელებით.

ამ პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან აღსანიშნავია ისეთი სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების დაარსება, როგორიცაა ქალაქის საავადმყოფო (მიხეილის საავადმყოფო 1868 წელს), სამშობიარო სახლი (1873წ), პასტერის სადგური, რომელიც მთელი კავკასიისათვის იყო განკუთვნილი და სხვ., ასევე, 1884 წლიდან სასოფლო-საექიმო ნაწილის მოწყობა სოფლის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისათვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელმაც ერთგვარი, "სამეცნიერო აკადემიის" როლი შეასრულა საქართველოში. უმჯობესდება ქართული სამედიცინო ლიტერატურის გამოცემის საქმეც, ქართველი მეცნიერები დიდ მუშაობას ეწევიან ქართული სამეცნიერო-სამედიცინო ტერმინოლოგიის შესაქმნელად. მეფის მთავრობა ვერ იჩენდა ხელგაშლილობას სახალხო ჯანმრთელობისათვის ხარჯების გასაღებად. ის მცირე და უაღრესად ნელი ზრდა-განვითარება სამედიცინო საქმისა, რომელიც ამ პერიოდში შეიმჩნევა, ძირითადად ქვეყნის მოწინავე პროგრესული ძალებისა თუ გამოჩენილ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აქტიური საქმიანობის შედეგი იყო. საქართველოში უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის არარსებობის გამო ამ პერიოდში მომუშავე თითქმის ყველა ქართველ ექიმს უმაღლესი განათლება რუსეთში ჰქონდა მიღებული. ამ პერიოდში სამედიცინო სფეროში მოღვაწე ქართველ ექიმთაგან გამსაკუთრებით აღსანიშნავია პ. კლაპიტონაშვილი, ს.შარიმანაშვილი, ზ. ზუბალაშვილი, მ. ჩიგიანი, ს. ალექსი-მესხიშვილი და სხვები.

XX საუკუნის ქართული მედიცინის ისტორიაში მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ჩამოყალიბება (1918 წლის სექტემბერი), სადაც აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ პროფესორები: ვ. მოსეშვილი, ა. ნათიშვილი, ს. ამირეჯიბი, გ. მუხაძე, ა. ალადაშვილი და სხვ. ეს პერიოდი ხასიათდებოდა სამკურნალო დაწესებულებათა თვისობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებით, სამკურნალო-პროფილაქტიკური, სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მიმართულებების, სამედიცინო განათლებისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის განვითარებით. სამედიცინო მეცნიერებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ექიმთა სამეცნიერო საზოგადოებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმატებულ საქმიანობას. ამ პერიოდის სახელგანთქმული ქართველი მეცნიერი-ექიმები იყვნენ: მ. წინამძღვრიშვილი, ვ. ასათიანი, კ. ერისთავი, ვ. ჟღენტი, ა. წულუკიძე, ავ. ზურაბაშვილი, პ. სარაჯიშვილი, ს. ხეჩინაშვილი და სხვები.

გასული საუკუნის ქართველმა მედიკოსებმა დიდი წვლილი შეიტანეს როგორც კლინიკური, ისე მეცნიერული მედიცინის განვითარებაში, მათი წარმატებული მოღვაწეობის საფუძველზე საქართველო მიჩნეული იყო მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამედიცინო პოტენციალის მქონე ქვეყნად.

მდიდარი და მრავალფეროვანი ქართული სამედიცინო კულტურა მომავალი თაობისაგან სამართლიანად მოითხოვს მყარ ეროვნულ ნიადაგზე დაფუძნებული მრავალსაუკუნოვანი სამედიცინო მემკვიდრეობის ღირსეულ დაცვასა და მის შემდგომ გამდიდრებას. rah rah


RAP 4 EVER . SNOOP DOGG .
თეკლააა ვისაც გიყვართ მაგრები ხართ :*:*:*
დადუნააააააააააა
 
ფორუმი » ზოგადი განყოფილებები » მედიცინა » ქართული მედიცინის ისტორია... (ქართული მედიცინის ისტორია...)
Page 1 of 11
Search: